ვის აფინანსებს კეზერაშვილი

რა გავლენა აქვს დავით კეზერაშვილს ქართულ ოპოზიციაზე – პოლიტიკურ პროცესებში მის როლმა და მონაწილეობის საკითხმა ბოლო სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა.

პოლიტიკური სუბიექტების და სამოქალაქო სექტორის ნაწილის დახმარების შესახებ ბიზნესმენის და ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადება მმართველი პარტიისთვის პოლიტიკური კორუფციის და პოლიტიკაში არადეკლარირებული თანხების მოძრაობის პირდაპირი მტკიცებულებაა. ბუნებრივია, თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადების მთავარ ადრესატად „ნაციონალური მოძრაობა“ განიხილება, რადგან მისი ყოფილი თავმჯდომარე სწორედ არაფორმალური გავლენების და პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებში ჩარევის გამო კეზერაშვილს ცოტა ხნის წინ საჯაროდ დაუპირისპირდა. პარტიის ლიდერთა მეორე ნაწილი, რომელიც თავდაცვის ექს-მინისტრის ფრთად მოიაზრება, კეზერაშვილისგან დაფინანსებას კატეგორიულად უარყოფს. ახლა საინტერესოა, დაინტერესდება თუ არა ბიზნესმენის განცხადებებით აუდიტის სამსახური, რომელიც პარტიების ფინანსურ მონიტორინგს აწარმოებს.