დაპირისპირება და სიმღერა „ბელა ჩაო“ ევროპარლამენტის დარბაზში.
ხმაურიანი აღმოჩნდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ევროპარლამენტარების წინაშე. ორბანის მიმართვას, მასა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის მწვავე დებატები მოჰყვა. ვიქტორ ორბანმა სტრასბურგში საკუთარი ქვეყნის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები წარადგინა და ევროკავშირის მოქმედი ხელმძღვანელობის მიერ არჩეული პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა. უკრაინაში მიმდინარე ომი, ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, მიგრაცია – ამ საკითხებზე ორბანსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ორბანი პუტინთან მეგობრობაში დაადანაშაულა, თავის მხრივ უნგრეთის პრემიერმა მას ევროკომისიის პოლიტიზებაში დასდო ბრალი. საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთა ევროპარლამენტარების ნაწილმაც.