ვინ მოაწერს ხელს სააკაშვილის მანიფესტს

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, – 23 ნოემბერს პარტიის ერთიანობის მანიფესტის შექმნის შესახებ, – პარტიაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

ნიკა მელიას თანაგუნდელები მიიჩნევენ, რომ ერთიანობის აღდგენა პარტიაში მხოლოდ არაფორმალური გავლენებისგან გათავისუფლებითაა შესაძლებელი. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ის ნაწილი, რომელიც ახალ მენეჯმენტს წარმოადგენს, მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ინიციატივა არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთი წლის წინ დაწყებული მწვავე უთანხმოების დასრულების შესაძლებლობა და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ღია კარისკენ მითითებას კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს. მმართველი გუნდი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ერთიანობის აღდგენის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს.