ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ამ საკითხებზე დღეიდან პრეზიდენტი ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს. სალომე ზურაბიშვილი „ქართული ქარტიის“ გარშემო გაერთიანებულ ლიდერებს მის მიერ შერჩეულ კანდიდატებს წარუდგენს. ვინ და რა კრიტერიუმით აირჩია პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ამას არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ მას პოლიტიკური წარსული არ აქვს. კითხვაზე – ხომ არ ვიხილავთ ტექნიკური მთავრობის მეთაურად თავად სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტი ამბობს, რომ ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული. ოპოზიცია დაანონსებული შეხვედრების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბრობს. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით კი, ნებისმიერი პროცესი, რომელსაც სათავეში კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი უდგას, წარუმატებელი იქნება.