„ვეტინგის სისტემის“ მოთხოვნა

ე.წ. ვეტინგის დანერგვის მოთხოვნა პოლიტიკურ სივრცეს გასცდა.

ცალკეული ოპოზიციური პარტიების მიერ ინიცირებული მოდელის დანერგვას ითხოვს მესამე სექტორის ნაწილიც. ქვეყნდება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და რამდენიმე ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებზე მიუთითებენ და ვეტინგის ამოქმედების ერთ-ერთ მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის გაუმჭვირვალე პროცედურას ასახელებენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკომისიის ცხრაპუნქტიანი დავალებიდან ყველაზე დიდი ვნებათაღელვა იმ რეკომენდაციას მოჰყვა, რომელიც სასამართლოს რეფორმირებას გულისხმობს. ბოლო განცხადებებმა პარლამენტის თავმჯდომარის რიტორიკა არასამთავრობო სექტორის მიმართ კიდევ უფრო გაამწვავა. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოსამართლეების კეთილსინდისიერების და ქონების შემოწმების მოდელი, ე.წ. ვეტინგი, რომელიც მოლდოვასა და ალბანეთში უკვე მოქმედებს, კითხვებს უჩენს ოპოზიციის ნაწილსაც. ინიციატორებისგან მეტ არგუმენტაციას ელოდება სახალხო დამცველიც.