სასამართლო და საარჩევნო რეფორმები – ასეთია ორი მთავარი გზავნილი, რომლებიც ვენეციის კომისიის დელეგაციამ საქართველოში დატოვა.
ევროპელი ექსპერტების ვიზიტს კანდიდატის სტატუსზე ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინის ფონზე განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ხელისუფლების პირველ პირებთან, მმართველი გუნდის ლიდერებთან და ოპოზიციასთან შეხვედრების შემდეგ კომისია ქვეყანას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს. მათ შორისაა ფართო დისკუსიები და კონსულტაციები საარჩევნო კოდექსის და სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმირების პროცესში და დეოლიგარქიზაციის კანონზე მუშაობის დროს სისტემური და არა პიროვნული მიდგომები. ევროსაბჭოს ორგანოს წარმომადგენლებმა ახსენეს წითელი ხაზებიც. კითხვები დაისვა იმ კანონპროექტებზე, რომლებიც შესაფასებლად ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი. როგორც მოსალოდნელი იყო, მედიისთვის დახურულ შეხვედრებზე მიღებული გზავნილები პოლიტიკურ წრეებში ინტერპრეტაციების საგანი გახდა.