ვასილ მაღლაფერიძის სამი წელი საქართველოს პირველ არხზე

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია. პოსტზე დანიშვნიდან სამი წლისა და ექვსი თვის შემდეგ, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და  შესაბამისი განცხადებით სამეურვეო საბჭოს მიმართა: „მიუხედავად იმისა, რომ  სრულიად დარწმუნებული ვარ, პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ“, –  საქართველოს პირველი არხის  გენერალურმა დირექტორმა თანამდებობიდან  წასვლის  მიზეზი დღეს ამ სიტყვებით ახსნა.

2017 წლის 6 იანვარს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად სამეურვეო საბჭომ ვასილ მაღლაფერიძე  აირჩია, ტელევიზიაში არსებული სამუშაო პირობები და ტექნიკური მდგომარეობა ელემენტარულ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებდა. ვასილ მაღლაფერიძის ხელმღვანელობის  პერიოდში დამტკიცდა ტექნიკური გადაიარაღების ოთხწლიანი გეგმა, განახლდა ავტო და კამერების პარკი, შეიქმნა თანამედროვე ევროპული სტანდარტების ინტეგრირებული ნიუსრუმი, რომელიც  საინფორმაციო სამსახურს, რადიოსა და ვებგვერდს  აერთიანებს.

საქართველოს პირველი არხის  საეთერო ბადეში  ეტაპობრივად ჩაეშვა ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური,  შემეცნებითი, გასართობი, საბავშვო და მუსიკალური პროექტები.

ჯამში შექმნა 50 ახალი პროექტი. პანდემიის პირობებში, მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ახალი არხი ტელესკოლა , რომელმაც დისტანციური სწავლების უნიკალური მეთოდის დანერგვით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

საინფორმაციო გამოშვება მოამბე და ვებპლატფორმა 1tv.ge კი იქცა სივრცედ, სადაც ყველა ახალი ამბის გადამოწმება შეგიძლიათ.  უსაფრთხო მედია –  ეს გახდა  მთავარი პრინციპი, რითაც განახლებული პირველი არხი ხელმძღვანელობს და მაყურებელს გემოვნებიან  პროდუქტს სთავაზობს.

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ვასილ მაღლაფერიძემ დღეს თქვა ისიც, რომ მომავალი სატელევიზიო სეზონი, პირველი არხის შეუქცევადი განვითარების პროცესის დასტური იქნება.