საქართველო-ამერიკის ურთიერთობის უკიდურესად დაძაბული ეტაპი.
ხელისუფლების მიერ ბოლო თვეებში მიღებული რეზონანსული კანონების და ვაშინგტონის საპასუხო ნაბიჯების ფონზე ოფიციალური თბილისი სტრატეგიული პარტნიორის მისამართით გამაფრთხილებელ გზავნილს აჟღერებს. თუ აშშ-დან მკაცრი გადაწყვეტილებები და სასანქციო პოლიტიკა გაგრძელდება, პრემიერი ამერიკასთან მიმართებაში პოზიციების გადახედვას აანონსებს. მთავრობის მეთაურისთვის აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის და სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო გადაწყვეტილებები, ანუ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების, ალტ-ინფოს ლიდერების და 60-მდე მოქალაქის დასანქცირება ქართულ-ამერიკული ურთიერთობის კრიტიკული ზღვარია. საკუთარი პოზიცია პრემიერ-მინისტრმა უკვე დააფიქსირა ამერიკის ელჩთან, რომელსაც წინა ელჩისგან გასხვავებით, კონსტრუქციულად მიიჩნევს. თუმცა ხელისუფლების მიმართ დანიგანის დღევანდელი რიტორიკაც საკმაოდ მწვავე იყო. სანქციები, წვრთნების და ფინანსური დახმარების შეჩერება, მკაცრი განცხადებები – ამერიკა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის რეჟიმში მოქმედებს. ნოდარ ჩაჩუა არკვევდა, რა მომავალი აქვს ასეთ პირობებში სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობას.