რა გახდა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი – რეგულირების სააგენტოს წინასწარი დასკვნა ამ კვირაში გახდება ცნობილი.
არ არის გამორიცხული, რომ სრული გამოკვლევის დასრულების შემდეგ ვითარების ადგილზე შესასწავლად საქართველოში „ასტრაზენეკას“ მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებიც ჩამოვიდნენ. დამოუკიდებელ მოკვლევას იწყებს გარდაცვლილი მედდის ოჯახიც, რომელმაც პროკურატურას უკვე მიმართა კონკრეტული მოთხოვნებით. იმის გამო, რომ სამედიცინო პერსონალში მიმართვიანობა საკმაოდ დაბალია, 25 მარტიდან ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკათი“ აცრა 65 წელს ზემოთ გადაცილებული პირებისთვის ხდება ნებადართული. ვაქცინაციის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე ქვეყანაში მხოლოდ 4 000-მდე ადამიანია აცრილი. ამ კვირაში ქვეყანაში 15 000 სამედიცინო მუშაკისთვის გათვალისწინებულ „ფაიზერის“ დოზებსაც ელოდებიან.