შეფერხება ვაქცინაციის პროცესში.
„ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აცრის პროცესი შეჩერებულია, ბრიტანულ-შვედური ვაქცინა ხელმისაწვდომი არ არის მეორე დოზით ასაცრელი მოქალაქეების დიდი ნაწილისთვისაც. საზოგადოება ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახურის დასკვნას ელოდება. შემოწმება უკვე ჩატარდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. სწორედ აუდიტმა უნდა დაადგინოს, რატომ შეიქმნა „ასტრაზენეკას“ მარაგებში დეფიციტი – ვაქცინების ნაწილი დაიკარგა, თუ მიზეზი მითითებული პრეპარატის რიგით მესამე პარტიის დროულად არ მოწოდებაა. ფაქტია, რომ ბოლო მომენტამდე რეგისტრაცია შეუფერხებლად მიმდინარეობდა, თუმცა მოულოდნელად პირველ და მეორე დოზაზე დარეგისტრირებულ 5 000-მდე ადამიანს ჯავშანი გაუუქმდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ფაქტის გამოსაკვლევად აუდიტის სამსახურმა დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან უკვე გაიტანა ყველა დოკუმენტაცია. გეგმის მიხედვით, საქართველოს „ასტრაზენეკას“ მესამე პარტია 22 ივნისს უნდა მიეღო, თუმცა თარიღმა გადაიწია. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ხომ არ შეექმნებათ კუთვნილი დოზის დროულად მიღების პრობლემა იმ მოქალაქეებს, რომელთა მეორედ აცრის დრო ახლოვდება.