ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურების გზა ახლა ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებაზე გადის. დილიდან საქართველოს სამ ქალაქში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა დაიწყო. მასთან შედარებით, კვლავ დაბალია ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკას“ პრეპარატით აცრის მაჩვენებელი. დღეს ცნობილი ხდება, რომ მომავალ კვირას საქართველო ჩინური კომპანია „სინოფარმის“ მიერ ტრადიციულ მეთოდებზე დამზადებულ ვაქცინას მიიღებს, მისი გამოყენება კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით მოხდება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამერიკული „ნოვავაქსის“ მილიონი დოზის შეძენაზეც. წინასწარი გათვლებით, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია ივლისიდან იგეგმება.