ხვალ საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი პარტია ჩამოვა.
15 000-მდე ადამიანისთვის საკმარისი დოზები აშშ-დან იგზავნება. ვაქცინაცია ქვეყანაში საკმაოდ დაბალი ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ თავდაპირველად მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის გათვალისწინებული „ფაიზერის“ ვაქცინა 65 წელს გადაცილებული პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. ანუ მითითებულ ასაკობრივ ჯგუფს საშუალება ექნება, თავად გააკეთოს არჩევანი „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერს“ შორის. იმუნიზაციის დაწყებიდან მეცხრე დღეს საქართველოში მხოლოდ 4 414 ადამიანია აცრილი, და ეს მაშინ, როდესაც გეგმა დღეში საშუალოდ 3 000 მოქალაქის აცრას ითვალისწინებს.
ვაქცინირებულთა სტატისტიკას დღეს ჯანდაცვის მინისტრიც დაემატა. ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის კლინიკაში ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა. ვაქცინაციის ხელშესაწყობად კამპანიის გააქტიურება იგეგმება. მით უმეტეს, რომ ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირებულთა მატების ტენდენცია გამოიკვეთა. შესაბამისად, იზრდება მესამე ტალღის და შეზღუდვების ხელახლა დაწესების საფრთხე.