საქართველოში ეპიდემიოლოგიური მონაცემები კიდევ უფრო გაუარესდა.
კორონავირუსით ინფიცირებულთა დღევანდელმა მაჩვენებელმა 1 500-ს გადააჭარბა. საკმაოდ გაზრდილია გარდაცვალების მაჩვენებელი. მაშინ როცა დეკემბრის შემდეგ სიკვდილიანობის ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა, უკვე რამდენიმე დღეა, დღიური მონაცემი 20-ს უახლოვდება. ერთი საათის წინ ქვეყანაში კიდევ ერთ ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული ჩინური „სინოფარმით“ პირველ ეტაპზე 18-დან 60 წლამდე პირებს აცრიან. იყო მოლოდინი, რომ ვაქცინას, რომელიც ორგანიზმში ინაქტივირებული ვირუსის შეყვანას გულისხმობს, ჯანმო-ს ავტორიზაცია გუშინ უნდა მიეღო, თუმცა პროცესი გახანგრძლივდა და კომპანია პასუხს 29 აპრილს ელოდება. რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად „ფაიზერის“ ვაქცინას, რომლის პირველი პარტიის ყველა დოზა უკვე ამოწურულია, მწარმოებელ კომპანიასთან კომუნიკაციის შემდეგ ირკვევა, რომ საქართველო „ფაიზერის“ შეკვეთილ მილიონ დოზას გარანტირებულად მიიღებს, თუმცა როდის – უცნობია.