დღეიდან საქართველოში კიდევ ერთი ვაქცინაა ხელმისაწვდომი.
ჩინეთის მიერ ნაჩუქარი „სინოვაკის“ 100 000 დოზაზე რეგისტრაცია ცხრა საათის წინ დაიწყო. კიდევ ერთი ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ მსგავსად, მიმართვიანობა „სინოვაკზეც“ საკმაოდ მაღალია. ქვეყნის მასშტაბით რეგისტრაცია უკვე 11 000-მდე ადამიანმა გაიარა. ამ პრეპარატით აცრა ორშაბათიდან იგეგმება. „სინოფარმის“ შემდეგ ეს იქნება მეორე ვაქცინა, რომლის გამოყენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე დაიწყება. საქართველო ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის შუალედურ ანგარიშს ეყრდნობა. ვარაუდობენ, რომ ვაქცინა ჯანმო-სგან საგანგებო მოხმარების ნებართვას მომავალ კვირას მიიღებს. „სინოვაკი“, იგივე „კორონავაკი“ პეკინში მოქმედი ბიო-ფარმაცევტული კომპანია „სინოვაკის“ მიერ 2020 წლის იანვარში შეიქმნა და კვლევის 3-ფაზიანი პროცესი გაიარა. „სინოფარმის“ მსგავსად, ისიც ორგანიზმში მკვდარი ვირუსის შეყვანას გულისხმობს. გამოიყენება 24 ქვეყანაში. სხვადასხვა ქვეყანაში მისი ეფექტურობის მაჩვენებელი განსხვავებულია.