მესამე ტალღის ნაკლები დანაკარგებით დასაძლევად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას. თუმცა, დაბალ მიმართვიანობასთან ერთად მცირეა არჩევანიც.
ქვეყანას მხოლოდ „ასტრაზენეკა“ აქვს, რომელსაც 55 წელს ქვემოთ პირებზე არ იყენებენ. ერთადერთი ალტერნატივა ჩინური „სინოფარმია“, რომელზე დარეგისტრირებაც მოქალაქეებს ხვალიდან შეეძლებათ. პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის მიერ შექმნილი ამ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესის დაწყება მაისის დასაწყისიდან იგეგმება. ამ მომენტისთვის „სინოფარმს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ გავლილი არ აქვს. თუმცა, განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს და მწარმოებელი კომპანია პასუხს უახლოეს საათებში ელოდება. ჯერ უცნობია, ექნება თუ არა „ასტრაზენეკას“ მსგავსად ჩინურ ვაქცინას ასაკობრივი შეზღუდვა. 2-8 გრადუსზე შესანახ და ტრადიციულ მეთოდებზე დამზადებულ ვაქცინას ავტორიზაციის გარეშე უკვე იყენებს რამდენიმე ქვეყანა – მათ შორის უნგრეთი, სერბეთი, თურქეთი და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები.