რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს თბილისის მერმა და ინვესტორმა.
ვაკის პარკში, რესტორან „ბუდაპეშტის“ ადგილზე მრავალსართულიანი სასტუმრო აღარ აშენდება. კერძო კომპანიამ ადგილმონაცვლეობის ან ტერიტორიის გამოსყიდვის წინადადება მიიღო. მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად რეკრეაციულ ზონაში სადავო სამშენებლო ნებართვა 2013 წლის ზაფხულში გაიცა, თუმცა დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები გარემოსდამცველი ორგანიზაციების მხრიდან მალევე სამართლებრივი დავის საგანი გახდა. მრავალწლიანი განხილვის შემდეგ, ცოტა ხნის წინ სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ 6 წლის წინ გაცემული ნებართვა ძალაში დატოვა.