არაღიარებული რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ეხმაურებიან.
მოლოდინის, საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების და ყოველდღიური მოწოდებების მიუხედავად, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ისევ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეა. ყველა განსაკუთრებული ინტერესით ელოდა ცხინვალში ჩატარებულ დღევანდელ ე. წ. სასამართლო პროცესს, სადაც ცნობილ ტრავმატოლოგს ე. წ. გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს და ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მედიკოსს ე. წ. საზღვრის კვეთის ბრალდება არ უღიარებია. გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას განაგრძობს და იმ ბერკეტის ამოქმედებას აანონსებს, რომელიც ყველაზე ცუდი შედეგის დადგომის შემთხვევაში ჰქონდა გათვალისწინებული.
ექიმი, რომლის უკანონო პატიმრობა ყველა საერთაშორისო ფორმატსა და ტრიბუნასთან დაგმეს, უკვე თვეზე მეტია, ტყვეობაშია.