ვინ მოირგებს უვადოდ სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლის მანტიას, – პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო სექტორი განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან ხვალინდელ სხდომას, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა უყარონ კენჭი.
იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეულ და პარლამენტისთვის გაგზავნილ 20-კაციან სიას საკანონმდებლო ორგანოშიც და არასამთავრობო სექტორშიც არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. შეთავაზებულ კანდიდატებს ოპოზიცია და უფლებადამცველები ბიოგრაფიის და გახმაურებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო იწუნებს. ხმაურიანი მოსმენების შემდეგ დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი ხვალინდელ კენჭისყრას ბოიკოტს უცხადებს. მათ შორის არიან „ქართული ოცნებიდან“ 14 ნოემბერს წასული დეპუტატებიც. კანდიდატების გარშემო ერთიანი პოზიცია არც მმართველ გუნდშია.