უზენაესი სასამართლო საპატრიარქოს წერილს ეხმაურება

ე.წ. ციანიდის საქმეზე, გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნის თხოვნით საპატრიარქოს წერილს უზენაეს სასამართლოში ეხმაურებიან. პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლომ მიიღო საპატრიარქოს წერილი და ამ ეტაპზე საკითხი შესწავლის პროცესშია.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, მზია თოდუას დასაბუთებული წერილობითი პასუხი საპატრიარქოს მომავალ კვირას გადაეგზავნება.

საქართველოს საპატრიარქომ უზენაეს სასამართლოს დღეს მიმართა. საპატრიარქო ითხოვს ე.წ. ციანიდის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მასალების გასაიდუმლოება ზოგიერთ პირს აძლევს საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა ინტერპრეტაციის გაკეთების საშუალებას, რითაც საზოგადოება შეცდომაში შეყავთ.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, საპატრიარქო თხოვნით მიმართავს უზენაეს სასამართლოს, გამონაკლისი სახით ე.წ. ციანიადის საქმეს მოეხსნას გრიფი, რათა საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, შეაფასოს საქმის რეალური მდგომარეობა.