ერევანში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
ქართულ დელეგაციას ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკის, ვაჭრობის, ჯანდაცვის, განათლების, ტურიზმის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს და სომხეთის ვიცე-პრემიერებმა ხაზი გაუსვეს არსებული ორმხრივი პოტენციალის სრულად გამოყენებისა და 8-წლიანი პაუზის შემდეგ კომისიის მუშაობის განახლების მნიშვნელობას. კომისიის ფორმატში, სომხეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმიც გაიმართა, რომელსაც ორი ქვეყნის 200-მდე სხვადასხვა პროფილის ბიზნესმენი დაესწრო. გაიმართა საქმიანი შეხვედრები სამომავლო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და დაგეგმვის მიზნით.