სამი ოპოზიციური პარტიის დიალოგი არ შედგა. გიორგი ვაშაძემ ალეკო ელისაშვილთან და „გირჩთან“ შეხვედრაზე უარი თქვა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ნებისმიერი ინიციატივის საერთო ოპოზიციურ ფორმატში განხილვის მომხრეა. არგუმენტი გაუგებარია „მოქალაქეებისა“ და „გირჩისთვის“, რომლებიც დილიდან ამტკიცებდნენ, რომ ვაშაძე მათთან შესახვედრად მზად იყო. ორი ოპოზიციური პარტია გიორგი ვაშაძის მიმართ შესაძლო კომპრომატების არსებობაზე ალაპარაკდა. ჩაშლილი მოლაპარაკების მიუხედავად, ძალაში რჩება ელისაშვილის და ხვიჩიას ინიციატივა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთგვარ პლებისციტად იქცეს. ახლა საინტერესოა, გახდება თუ არა ეს წინადადება საერთო ოპოზიციურ ფორმატში განხილვის საგანი.
ინიციატივის ავტორები ოპოზიციის დარჩენილი ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტებად უკვე იქცნენ. განსაკუთრებით მწვავეა „ევროპული საქართველოს“ პოზიცია, რომელიც „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს ოპოზიციად უკვე აღარ მიიჩნევს და მათ წევრებს „ქართული ოცნები“ ტერმინოლოგიით საუბარში ადანაშაულებს. ამის მიუხედავად ერთმანეთთან შეთანხმებული ორი პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებისთვის მზაობას მაინც გამოთქვამს, თუმცა ახალ პირობასაც აყენებს, შეხვედრები მედიისთვის ღია უნდა იყოს. ახლა პოზიციაც და მმართველი გუნდიც მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან. თუ მოლაპარაკებების ფანჯარა შეთანხმების გარეშე დაიხურება, ოპოზიცია პროცესის ისევ ქუჩაში გადატანას აანონსებს.