რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის ქუჩა გაიხსნა.
საუბარია ისნის რაიონში, ე.წ. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩასა და მასთან არსებულ სამ შესახვევზე. ქუჩას, გმირის სახელი თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით მიანიჭა.
უმცროსი სერჟანტი, სოფრომაძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდა. დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანისას, იგი ტყვედ ჩავარდა. სოფრომაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში აწამებდნენ. სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის თქმის შემდეგ კი დახვრიტეს.