თბილისი USAID-ის განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიებაზე საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების საინვესტიციო შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე მსჯელობენ. კონფერენცია საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორმა გახსნეს. ღონისძიებას ასევე ესწრებიან საჯარო უწყების წარმომადგენლები, სემეკ-ის თავმჯდომარე, საერთაშორისო საინვესტიციო ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის რესურსების განვითარება, რაც ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიცირებას, სუფთა და ხელმისაწვდომ ელექტროენერგიას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ პირველ ივლისს იგეგმება ელექტროენერგეტიკული ბაზრისა და ენერგეტიკული ბირჟის ამუშავება, რაც სფეროში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.