უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები პარლამენტის შენობაში

გუშინდელი აქციის შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე იყო ამოქმედებული. როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, რის გამოც, დღეს ბიუროსა და პლენარული სხდომები არ გაიმართება. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის სასახლეში, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები. წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. უსაფრთხოების წითელი დონე ცოტა ხნის წინ გაუქმდა და უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდა – რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები და დეპუტატები.