ურუგვაი მზად არის, საქართველოსთან დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით, – ამის შესახებ განცხადება დავით ზალკალიანმა გააკეთა. მინისტრის თქმით, ურუგვაელი კოლეგის ვიზიტის ფარგლებში, ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან ისაუბრა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გაფართოვდეს და მაქსიმალურად იყოს გამოყენებული საქართველოს შესაძლებლობები იმისთვის, რომ ურუგვაისა და აზიისკენ მიმდინარე პროდუქციამ გაიაროს საქართველოს ტერიტორია და საქართველო გამოყენებულ იქნას როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ჰაბი.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ კავშირებს.