ურთიერთბრალდებები „ევროპულ საქართველოსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

„ევროპულ საქართველოსა“ და მმართველ პარტიას შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება.

ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს პასუხობს. უგულავას თქმით, უმრავლესობას მოუწევს შეეგუოს იმ აზრს, რომ პარტიის ძველი წევრების ნაწილს მმართველი გუნდის რჩეული კანდიდატი არ მოსწონს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით „ევროპულმა საქართველომ“ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს რომ „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა პარტია დატოვა და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა. ამის მიზეზად კი მმართველი გუნდის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა დაასახელეს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, უმრავლესობაში საპასუხო კომენტარი გაკეთდა. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უგულავასთან ერთად, ბრიფინგზე მყოფი არც ერთი ადამიანი „ქართული ოცნების“ წევრი არ არის.