საპროტესტო გამოსვლების შემდეგ მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება შეცვალა – „ხალხის ძალის“ ორივე კანონპროექტს უკან გაიწვევენ.
საპარლამენტო უმრავლესობა მიზეზად საპროტესტო მღელვარების ძალადობრივ ქმედებებში გადაზრდის რისკების მატებას ასახელებს, თუმცა არ ცვლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ნაწილმა პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად საზოგადოების ნაწილს სადავო ინიციატივებზე მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
რა პროცედურებია გათვალისწინებული კანონპროექტების უკან გაწვევის შემდეგ – „ხალხის ძალის“ მიერ თავდაპირველად მომზადებული უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია, ამიტომ რეგლამენტის მიხედვით პროექტი მეორე მოსმენაზე უნდა გავიდეს და დეპუტატებმა ის უნდა ჩააგდონ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაითვლება ის უკან გაწვეულად. რაც შეეხება მეორე, ანუ ე.წ. ამერიკული კანონის ქართულ ვერსიას, ის პირველი მოსმენით არ განუხილავთ, ამიტომ ის თავად ინიციატორმა უნდა გამოითხოვოს უკან. შესაბამისი ნაბიჯი „ხალხის ძალამ“ უკვე გადადგა. რაც შეეხება თავდაპირველ პროექტს, „ქართულ ოცნებაში“ პირობას დებენ, რომ ინიციატივას მეორე მოსმენის დროს ჩააგდებენ.