უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად ემზადება

საპარლამენტო უმრავლესობა მიმდინარე კვირას ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევს.

მმართველი გუნდი რომ ვეტოს დასაძლევად ემზადება ეს ცნობილი ჯერ კიდევ გასულ კვირას, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან გახდა. პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ამის მიზეზი პრეზიდენტის მხრიდან ეროვნული ბაკის საბჭოს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე, კანდიდატების წარდგენის გაჭიანურება გახდა. განცხადების მიხედვით, მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების შედეგად შედგა შეთანხმება, რომ ერთ-ერთ კანდიდატად პრეზიდენტს ლაშა ხუციშვილი უნდა წარმოედგინა, თუმცა მას ეს ამ დრომდე არ გაუკეთებია. ამ განცხადებას რამდენიმე დღის წინ თავად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანიც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ხუციშვილის წარდგენას პრეზიდენტი ნამდვილად აპირებდა, თუმცა ეს პროცესი მისი დამოუკიდებლობის შესახებ გაჩენილი კითხვის ნიშნების გამო შეჩერდა.