ელჩის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე რეაგირება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს უწევს.
დიპლომატიური უწყება დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებით შეშფოთებულია. სამინისტროს ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელის ის განცხადებაც, სადაც მან უკრაინის ელჩი მწვავედ გააკრიტიკა. „მექრთამე“, „კორუმპირებული“, – ამ ეპითეტებით მოიხსენია უკრაინის მოქალაქე სააკაშვილმა საქართველოში უკრაინის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი, რომელსაც საქართველოს ექს-პრეზიდენტის პოლიტიკური მოწოდებების გამო ბოლო თვეებში უკვე არაერთი განმარტების გაკეთება და იმის ხაზგასმა მოუხდა, რომ უკრაინის მოქალაქის და თანამდებობის პირის განცხადებები ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახება.
აღმოჩნდა, რომ სააკაშვილის პარტია, ისევე როგორც მისი რამდენიმე პოლიტიკური პარტნიორი, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის ელჩის კრიტიკაში პრობლემას ვერ ხედავს.