უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებისგან მკაფიო და ქმედით ნაბიჯებს ელოდება. ზელენსკი ამბობს, რომ პროვოკაციებს არ აჰყვებიან. უკრაინაში გვიან ღამით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა და დასავლეთს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. გავრცელდა ცნობები, რომ მძიმე ტექნიკა შენიშნეს დონეცკში და საოკუპაციო ძალებმა აკრძალული შეიარაღებიდან გაისროლეს. უკრაინული მედია იუწყება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაერთხელ დაირღვა. უკრაინის ხელისუფლება ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების თავიდან ასაცილებლად დიპლომატიურ ძალისხმევას არ წყვეტს. ზელენსკიმ წუხელ ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვის ინიციატივა დააყენა უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მონაწილეობით.