უკრაინელი გენერლის სკანდალური განცხადება

„ქართული ოცნება“ და ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გარემოცვისგან დროულ განმარტებებს ელოდება.

უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის სკანდალურმა განცხადებამ საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. თუ ნიკოლაი მალომუჟს დავეყრდნობით, საქართველოს და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები, მიხეილ სააკაშვილი და პეტრო პოროშენკო უკრაინის დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად მოიაზრებოდნენ და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე მათთან კაგებეში შემავალი უკრაინული სპეც-სამსახურები მუშაობდნენ. საუბარია იმ პერიოდზე, როცა ქვეყნის ექს-პრეზიდენტი კიევში, შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა.

თანამშრომლობდა თუ არა სააკაშვილი სხვა ქვეყნის დაზვერვასთან – კითხვას არაერთგვაროვნად პასუხობენ პოლიტიკოსები. ოპონენტების ფრთხილ და თავშეკავებულ შეფასებებთან შედარებით, ყოფილი უკრაინელი მაღალჩინოსნის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სარწმუნოა მმართველი პარტიისთვის. პრეზიდენტობის პერიოდის სხვადასხვა ეტაპზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან ერთად დღეს ის ფარული ჩანაწერიც ახსენეს, სადაც სავარაუდოდ, გიული ალასანია საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების კონტექსტში რუსეთის ინტერესის და პოზიციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.