უკრაინაში შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდირების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. გამოძიების ცნობით, საქართველოს მოქალაქემ 10 დღის წინ ცეცხლი გაუხსნა ორ უკრაინელ სპეცრაზმელს და დაჭრა ისინი. დღეს კი დამნაშავეს კიევთან ახლოს მიაგნეს.

დაკავების სპეცოპერაციისას ჭიჭიაშვილმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, საპასუხო სროლის დროს ის მოკლეს. შოთა ჭიჭიაშვილს ადამიანების გატაცებისა და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

საპატიმრო მან 2013 წლის 3 ივნისს, საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე დატოვა.