საქართველოს პროკურატურა უკრაინას კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის გადმოცემას სთხოვს.
ამჯერად საუბარია წინა ხელისუფლების დროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომელ გიორგი სამუშიაზე, რომელიც კიევში გუშინ ღამით დააკავეს. საგამოძიებო უწყებაში უკვე ამზადებენ უკრაინაში ექსტრადირების მოთხოვნის მიზნით გასაგზავნ დოკუმენტაციას.
სამუშია ინტერპოლით ძებნილთა სიაში იყო. მან საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადაკვეთა, როდესაც 2015 წელს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გირაოთი იყო გათავისუფლებული. გიორგი სამუშიას დათა ახალაიასთან, გიორგი კალანდაძესთან, მეგის ქარდავასთან და რომან შამათავასთან ერთად, მოქალაქე ელდარ კობერიძის გატაცებაში ედება ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, 2012 წელს ძალოვანი უწყების მაშინდელი მაღალჩინოსნები კობერიძისგან ტერაქტის მზადების აღიარებას ითხოვდნენ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გირაოთი გათავისუფლების შემდეგ, გიორგი სამუშიას საზღვრის გადაკვეთა ეკრძალებოდა და პასპორტიც ჩამორთმეული ჰქონდა, თუმცა სამი წლის წინ მან ქვეყნიდან გასვლა მაინც მოახერხა.