ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა. ჯგუფი Kalush Orchestra კონკურსზე სიმღერით – Stefania წარდგა და ყველაზე მეტი – 631 ქულა დააგროვა. უკრაინამ 165 ქულით გადაუსწრო დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელი ქვეყანა უკრაინა იქნება. უკრაინელმა შემსრულებლებმა საკონცერტო ნომრის წარდგენისას, მსოფლიო საზოგადოებას სცენიდან მოუწოდეს მარიუპოლსა და „აზოვსტალში“ დარჩენილი სამხედროების დასახმარებლად. ევროვიზიის ფინალში პირველი და მეორე ნახევარფინალური ტურებიდან 20 ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა – ჩეხეთი, რუმინეთი, პორტუგალია, ფინეთი, შვეიცარია, ნორვეგია, სომხეთი, ნიდერლანდები, უკრაინა, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, ბელგია, საბერძნეთი, ისლანდია, მოლდოვა, შვედეთი, ავსტრალია, პოლონეთი, სერბეთი და ესტონეთი. ევროვიზიის ფინალში 20 ფინალისტთან ერთად, გამარჯვებისთვის „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი იბრძოდნენ. რაც შეეხება ქულების განაწილებას – ამ პროცესში ტექნიკური ხარვეზი რამდენიმე ქვეყანას შეექმნა, მათ შორის საქართველოს. პირდაპირი ჩართვები ვერ განხორციელდა, რის გამოც, ჟიურის ქულები ევროვიზიის თანაწამყვანმა გამოაცხადა. საქართველოს ქულების გამოცხადებისას კი ითქვა, რომ საქართველოდან 12 ქულა დიდ ბრიტანეთს მიენიჭა, რაც, როგორც გაირკვა, სიმართლეს არ შეესაბამება.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს