ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული მამაკაცი. მომხდარს თვითმხილველები არ ჰყავს და ზუსტად საიდან აიყვანეს ან რა ვითარებაში, რუსმა სამხედროებმა 63 წლის მირიან თაზიაშვილი, ადგილობრივებმა არ იციან. მორიგი უკანონო დაკავების ფაქტს ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. თეა ახვლედიანის განცხადებით, ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულები არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები. მისივე თქმით, გრძელდება ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება, უმოკლეს ვადაში მოხდეს. გატაცებული მირიან თაზიაშვილის ოჯახს კი ამ დრომდე ოკუპირებული ტერიტორიიდან არავინ დაკავშირებია. მისმა ახლობლებმა ჯერ კიდევ არ იციან სად იმყოფება 63 წლის მამაკაცი, ოკუპირებული ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში თუ საკარანტინო სივრცეში.