„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის მოწინააღმდეგეები დღეს 22 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან. ორგანიზატორების განცხადებით, ისინი პარლამენტის შენობასთან ღამეს გაათენებენ, რათა ხვალ დაგეგმილ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, სადაც კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ, ხელი შეუშალონ. კომიტეტის სხდომა დილის 9 საათზეა ჩანიშნული. მესამე მოსმენის ფარგლებში მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის ცვლილებების შეტანა არის შესაძლებელი. რაც შეეხება კანონპროექტის მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანის კონკრეტულ თარიღს, ამაზე გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს. არსებული ინფორმაციით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით მიმდინარე კვირას დაამტკიცებს. ამით საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.