რეგისტრაციის ვადა ამოიწურა.
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული კანონის ადრესატთა დიდი ნაწილი საკანონმდებლო ვალდებულების შესრულებას არ აპირებს. ათეულობით არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია უარს ამბობს, დარეგისტრირდეს უცხოური ძალის ინტერესის წარმომადგენელთა რეესტრში, რაც ნიშნავს, რომ მათ სოლიდური ფინანსური ჯარიმების გადახდა მოუწევთ. პროტესტის ფონზე მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი ძალაშია – საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული დავის პარალელურად, ახლად ამოქმედებული საკანონმდებლო რეგულაციები პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა. საკითხს კიდევ უფრო მეტი რეზონანსულობა კანონის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე ორგანიზაციის მოულოდნელმა ნაბიჯმა შესძინა. გაკოტრების პრევენციის არგუმენტით შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების დაანონსების შემდეგ მოძრაობა „სირცხვილია“ მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა, რის გამოც გადაწყვეტილება რამდენიმე საათში შეიცვალა. უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების, შემოსავლების დეკლარირების და მონიტორინგის წესის შეცვლას ითხოვს სახალხო დამცველიც, რომელიც იუსტიციის მინისტრს მიმართავს. მესამე სექტორის ნაწილის ბოიკოტის ფონზე ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოსკენ ინაცვლებს, სადაც სადავო კანონია გასაჩივრებული.