პირადი საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულის, ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის პროცესზე ბრალდების მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. მოუსმინეს კიდევ ერთ დაზარალებულს. პროკურორის განცხადებით, მან ბრალდების პოზიცია დაადასტურა. ადვოკატებმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვეს. ბრალდებულები სხდომას არ ესწრებოდნენ. პროცესი 22 ოქტომბერს გაგრძელდება. უჩა აბაშიძეს და მარიამ იაშვილს პირადი საიდუმლოს ხელყოფას, კერძოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის უკანონოდ მოპოვება-შენახვას ედავებიან. აბაშიძეს იარაღის უკანონოდ შეძენაც ედება ბრალად.