ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა.
დაღუპულია დედა, მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილი და ოჯახის მეზობელი. გამოძიება ახლაც ადგენს, რამ გამოიწვია ხანძარი, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სახლს არ მიეწოდებოდა დენი და ბუნებრივი აირი. ამიტომ წინასწარი ვერსიით, ცეცხლი შეშის ღუმელიდან გავრცელდა. შემთხვევა ბაღდათში მოხდა. წერეთლის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ხის სახლი რამდენიმე წუთში ფერფლად იქცა. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი მიტოვებულ სახლში დროებით იყო გადასული, რის გამოც არაერთი კითხვა გაჩნდა.
რატომ ჰქონდა ოჯახს თვეების წინ დროებით შეჩერებული სოციალური დახმარება და იყო თუ არა მინიმალური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფილი, – ადგილობრივ ხელისუფლებას მედიასთან განმარტებების გაკეთება დასჭირდა.
ტრაგიკული შემთხვევა განხილვის თემა გახდა პოლიტიკურ სპექტრშიც.