უამინდობაა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე. ჩარგალი- ბარისახოს მიმართულებით, 10-ზე მეტი მონაკვეთია, სადაც გზა ჩაიხერგა და გადაადგილება შეუძლებელია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილია რამდენიმე ტურისტული ჯგუფი. ადგილზე ისევ წვიმს, თუმცა ამის მიუხედავად, ჩაკეტილი მონაკვეთების გასახსნელად, ინტენსიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა. გზების დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქეების გამოყვანა, სავარაუდოდ, საღამომდე მოხერხდება. ამ დროისათვის შეუძლებელია სოფელ ჩარგალში მისვლა, სადაც საავტომობილო გზა ხევიდან გამოტანილი შლამით, ხის ნარჩენებით და ქვა-ღორღით ჩაიხერგა. წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები. ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამჟამად აკრძალულია.