ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელთან – ესიერთან და საყდართან მიმოსვლა აღდგენილია. თუმცა ქვემო სვანეთში ვითარება ჯერ ისევ რთულია. რეგიონის სამი დასახლება გარესამყაროს კვლავ მოწყვეტილია. ადგილობრივებს საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებსა და პროდუქტებს სპეციალურად მოწყობილი საბაგიროს საშუალებით აწვდიან. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზემო სვანეთშიც. ადიდებული მდინარეებიდან გადმოსულმა წყალმა სოფელ ადიშთან დამაკავშირებელი 400-მეტრიანი გზა მთლიანად წაიღო. აგვისტოს თვეში უკვე მეორედ დააზარალა ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიც. დაიტბორა საავტომობილო გზები და ნათესები. ზარალს ითვლიან კახეთის კიდევ ერთ რაიონში, საგარეჯოს რამდენიმე სოფელში სახნავ-სათესი მიწები დაისეტყვა.