უამინდობა საქართველოში - რა შეზღუდვებია გზებზე

უამინდობა საქართველოში. ინტენსიური თოვის გამო, მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე. გუდაური-კობის მონაკვეთზე, ნაქერალას უღელტეხილზე, ასვე უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თოვლის და ლიპყინულის გამო, ხაიში-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო ლახამულა-უშგულის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ინტენსიური თოვის გამო, დილიდან მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს თელავში. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კი მხოლოდ მაღალი გამავლობის ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის არის მოძრაობა დასაშვები. მოძრაობას გზის ამ მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ. კახეთში ყველა შესაბამისი სამსახური, დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. გზებზე იყრება ტექნიკური მარილი. შეზღუდვებია ენერგომომარაგებაშიც, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. რეგიონის მასშტაბით, რამდენიმე ქალაქს და სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საგანგებო რეჟიმში მუშაობს „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.