უამინდობა საქართველოს რეგიონებში

უხვმა ნალექმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმა თბილისის გარდა შიდა ქართლშიც მოვიდა. სტიქიის შედეგად, ატენის ხეობაში მეწყრული პროცესები განვითარდა, რამაც საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა. ამ დროისთვის ადგილზე გზის გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს.

თეთრიწყაროში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. სტიქია იყო ძირაგაში, ალექსეევკაში, ჭივჭავში, მაწევანში, ჩხიკვთაში, ჯორჯიაშვილში, ასურეთის ნაწილსა და ქალაქ თეთრიწყაროში. სტიქიამ ძირითადად ხეხილი და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა. რაიონის რწმუნებულის, გიორგი ქორიძის განცხადებით, ზარალის დამთვლელი კომისია ხვალ დილიდან დაიწყებს მუშაობას. სტიქიაა კახეთშიც. ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ სოფლები არგოხი, მაღრაანი და ფიჩხოვანი დააზარალა. ძირითადად დაზიანებულია ვენახები და სხვადასხვა მარცვლეული კულტურა. ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობა 20 წუთი გრძელდებოდა. სტიქიამ პრობლემები შექმნა საგარეჯოშიც, ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, რის გამოც ცენტრალურ გზაზე ავტომობილებით გადაადგილება რამდენიმე წუთით შეფერხდა.

მოამბე