ტყის ხანძრების საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდა პორტუგალიაში. მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვიდათ გაფრთხილება, რომ ძლიერი გვალვისა და ქარის გამო, ტყეებში ცეცხლის გაჩენის რისკი იზრდება. ხელისუფლება მოუწოდებს სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს, არც ერთი ფორმით დაანთონ ცეცხლი. ხელისუფლების განკარგულებით, ასევე აიკრძალა ტყეში შესვლა. საგანგებო რეჟიმი კვირას შევიდა ძალაში და სამშაბათამდე შენარჩუნდება. პორტუგალიაში ხანძრებმა წელს უკვე გაანადგურა 92 000 ჰექტარი ტერიტორია. ლისაბონთან ახლოს, ცეცხლის უკანასკნელი კერების ჩაქრობა მეხანძრეებმა 20 აგვისტოს შეძლეს. პორტუგალიის მეზობელ ესპანეთში კი, ხანძრებს უკვე მეხუთე დღეა ვერ აქრობენ. ვალენსიაში ცეცხლს 35 თვითმფრინავი ებრძვის.