ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. მმართველ პარტიას მოსახლეობის 46.68%-მა გამოუცხადა მხარდაჭერა, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 30.7%. „გახარია – საქართველოსთვის“ – 7.8 %, „ლელოს“ 2.71% აქვს. „ევროპულ საქართველოს“ – 1.66 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 1.46, „ლეიბორისტებს“ – 1.38, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელს“ – 1.34 პროცენტი, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 1.44 პროცენტი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისის საკრებულოში ექვსი პარტია შედის – 50 მანდატიდან 28 „ქართულ ოცნებას“ აქვს, 21 – ოპოზიციას, ერთი მანდატის ბედი კი საბურთალოზე მეორე ტურის შედეგად გაირკვევა.
წინასწარი მონაცემებით, მანდატები თბილისის საკრებულოში, სავარაუდოდ, ასე განაწილდება: „ქართული ოცნება“ – 19 პროპორციული და 9 მაჟორიტარული მანდატი. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ამ მონაცემებით სავარაუდოდ, მხოლოდ საბურთალოზე იქნება, სადაც მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს ხმების 38.16% აქვს მიღებული. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯამში 13 მანდატი აქვს, „საქართველოსთვის“ – 4 მანდატი, „ლელოს“ – 2, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 1 მანდატი, „ანა დოლიძის პარტია“ – 1 მანდატი.