ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე ადგილობრივებისგან იცლება. თუშეთში მძიმე ზამთრისთვის ემზადებიან. საავტომობილო გზის ჩაკეტვის და ცივილიზაციისგან რამდენიმე თვით მოწყვეტის გამო თუშების ნაწილი ბარში მიდის და ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ოჯახი რჩება, ისიც ძირითადად ადმინისტრაციულ ცენტრ ომალოში. 50-მდე სოფლიდან თუშეთში ზამთარს მხოლოდ 10-მდე დასახლებაში ატარებენ. კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე მხარეში მუდმივად მცხოვრები ოჯახები ახლა ზამთრის მარაგებზე იწყებენ ზრუნვას, რადგან ყველაზე მაღალი უღელტეხილი უამინდობის გამო შესაძლოა უკვე ყოველ წუთს ჩაიკეტოს. ისტორიული ციხე-კოშკებით, არქიტექტურით, რელიეფური პირობებით და ბუნებით გამორჩეულ მხარეს ,,მოამბის” გადამღები ჯგუფი სტუმრობდა.