თურქეთმა დაგმო სტოკჰოლმში გამართული აქცია, რომელზეც ყურანი დაწვეს. ანკარაში განაცხადეს, რომ შვედეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, გაეცა ნებართვა, რომ მსგავსი აქცია ჩატარებულიყო, თურქეთისთვის მიუღებელია. ამასთან ერთად, თურქეთში გაიმართა საპასუხო საპროტესტო აქცია, რომელზეც მომიტინგეებმა შვედეთის ეროვნული დროშა დაწვეს. აქტივისტები სტამბოლში, შვედეთის საკონსულოსთან იყვნენ შეკრებილები. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ადგილი ჰქონდა მცირე შეტაკებასაც. აქცია გაიმართა ანკარაშიც, შვედეთის საელჩოსთან. დემონსტრანტებმა შვედეთი ისლამოფობიაში დაადანაშაულეს. სტოკჰოლმში ყურანის დაწვის აქცია ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა, რასმუს პალუდანმა მოაწყო. ის ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის. შეგახსენებთ, რომ თურქეთი უნგრეთთან ერთად, ამ დრომდე ბლოკავს ნატო-ში შვედეთის გაწევრიანებას.