უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ტურიზმის აღდგენის შემდეგ ავიამიმოსვლის აღდგენა იგეგმება. იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, სავარაუდოდ პირველი ისრაელი იქნება. უსაფრთხო დერეფნების მოწყობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან. უსაფრთხო დერეფნები იმ ტექნიკურ დეტალებს და სტანდარტებს მოიცავს, რომელთა დაცვა, ქვეყანაში ინფექციის შემოტანის საფრთხეს მინიმუმამდე დაიყვანს. ამ სტანდარტების დაცვა აეროპორტებში და ავიაკომპანიების მხრიდან სავალდებულო იქნება.
20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ საქართველოსთან ფრენების ეტაპობრივი აღდგენის სურვილი უკვე გამოთქვა. სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოქვეყნდება ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პროტოკოლი, რომლის დაცვა სასტუმროებს, კვების ობიექტებს, ტურისტულ კომპანიებსა და ტურიზმში ჩართულ ყველა ორგანიზაციას მოუწევს.