ისტორიაში პირველად საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნას უმასპინძლებს.
ქვეყანა მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ემზადება. 27 სექტემბერს თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით დელეგაცია ესტუმრება. მოლოდინია, რომ 45-წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიების ჩატარება საქართველოს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო წარმოჩენას და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისგან მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნის უფლება ქართულმა მხარემ ერთი წლის წინ ბულგარეთში მოიპოვა. პროგრამა კულტურულ ღონისძიებებს და თემატურ დისკუსიებს მოიცავს. დაგეგმილია ტურისტული ადგილების მონახულებაც.