ევროპის საბჭოს კვლევის მიხედვით, საქართველოში სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენის გამოყენება და დისკრიმინაცია კვლავ პრობლემად რჩება.
კვლევა, რომელიც ორგანიზაციამ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, 2018 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდს მოიცავს. მასში ნათქვამია, რომ მოსახლეობის 56%-ის აზრით მრავალფეროვნება ქვეყნისთვის დადებითი მოვლენაა, 36 % კი მრავალფეროვნებას უარყოფით ფაქტად მიიჩნევს. გამოკითხულთა მხოლოდ 47% მიიჩნევს, რომ უმცირესობებს საპროტესტო აქციების გამართვის უფლება აქვთ. უმცირესობების მიერ თანამდებობების დაკავების უფლებას კი 53 % მიესალმება. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა ყველაზე ხშირად ლგბტ საზოგადოების მიმართ ვლინდება. ამასთან, იმავე პრობლემის წინაშე არიან მიგრანტები და იეჰოვას მოწმეებიც. დოკუმენტის მიხედვით, პოლიციისა და პროკურატურის მიმართ ნდობა მოწყვლად ჯგუფებში ნაკლებია. სახალხო დამცველს კი მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ.